საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ისტორიკოსთა ჯგუფის მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა.
„საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე.
„ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.
სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება“, – აცხადებენ სამინისტროში.
2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო – საგანში „საქართველოს ისტორია“. სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი ივლისის ბოლომდე დასრულდება.