ბლოგერი ყაბარდო-ბალყარეთიდან ინსა ოგუზი (იგივე, ინსა ლანდერი) მეხუთე დღეა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ნეიტრალურ ზონაში იმყოფება. მას ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს ასახელებს. ლიეტუვა მზადაა, ბლოგერს თავშესაფარი მისცეს.
ინსა ლანდერი ცნობილია როგორც ბლოგერი, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობდა და ინტერნეტში თაღლითობის ფაქტებს ამხელდა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ის ქალაქ ბაქსანში 2021 წლის დეკემბერში დააკავა და ბრალად ტერიტორტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობა წარუდგინა. მის წინააღმდეგ ჩვენება ახალგაზრდა კაცმა მისცა. ინსა ლანდერი აცხადებდა, რომ საქმე ეხება მის პირად მიმოწერას, რომელიც 2014 წელს, ოთხი დღე ჰქონდა.
„ის უკვე ხუთი დღეა საქართველოს საზღვარზეა. არ აქვს არც წყალი და არც საჭმელი. სკამზე სძინავს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში არ შემოუშვა. ის ბლოგერია ნალჩიკიდან და შინაპატიმრობიდან გაიქცა. საბედნიეროდ, მოახერხა და კვირას რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა, ახლა კი ხუთი დღეა საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არ უშვებს. გუშინ სახალხო დამცველმა სცადა მასთან შეხვედრა, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. რუსეთში დაბრუნება რომ სცადოს, მაშინვე საზღვარზე დაიჭერენ და ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს“, – განაცხადა „ფონდი თავისუფალი რუსეთის“ წარმომადგენელმა, იგორ კურაპეტოვმა.
ინსა ლანდერის კომენტარი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ის ეჭვობს, რომ უარს პოლიტიკური მიზეზით ეუბნებიან.
„იმედი მაქვს, რომ ქართველი მესაზღვრები რუსეთის სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობენ და არ გადამცემენ რუსულ მხარეს. ამის შიში მაქვს, რადგან მემუქრებოდნენ“, – ამბობს ბლოგერი.
ლიეტუვა მზად არის, ინსა ლანდერს თავშესაფარი მისცეს, თუმცა მანამდე ის საქართველოში უნდა შემოვიდეს.
„ჩვენი მთავრობა ყურადღებას აქცევს მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, რუსეთის ფედერაციის ჩათვლით. ჩვენ თვალს ვადევნებთ ბოლოგერებს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან. თუ საქართველოს მთავრობა დაუშვებს, რომ რუსი ბლოგერი შემოშვებული იქნეს ქვეყანაში, ლიეტუვა მზად არის, შევიფაროთ ის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინსა ლანდერს საქართველოში შემოსვლაზე უარი 12 ივნისს უარი ეთქვა, „ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ“.
„მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა. მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. სამაჯური და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას.
მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ „ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას.