ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) კლინიკა „ვივამედში“ მყოფ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი „ასეთი გამხდარი არასდროს უნახავს“.
„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ გეტყვით. რომ შევედი პირველი რაც დავინახე… ნუ, მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს, იმიტომ, რომ სასოწარკვეთილება არის ეშმაკის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სასულიერო პირის თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.
„ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა.
მე ერთადერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, ჩემს თავზე რაც მაქვს გამოცდილი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი. სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ასე, თუმცა ქვეყანა ვითარდება. ამის უარყოფაც არ შეიძლება. ვფიქრობ, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, იგი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რაზეც სასამართლოში პროცესები ჯერ არ დასრულებულა.
დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მისი მოთხოვნა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებდნენ, საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მას ლაბორატორიული მონიტორინგი და სხვადასხვა კვლევა უტარდებოდა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.