მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება. მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, მევენახეების სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება და ამ საკითხზე კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან… სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა“, – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღღნელობდა, მონაწილეებს შორის კი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრები იყვნენ.
გასულ წელს რთველის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გამოიყო. კახეთის რეგიონში სუბსიდია მიიღეს ღვინის იმ კომპანიებმა, რომლებმაც რთველის განმავლობაში შეისყიდეს და გადაამუშავეს არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი და შესყიდული 1 კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 90 თეთრი გადაუხადეს. კილოგრამი ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდიის სახით 35 თეთრი გაიცემოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებთ, 2021 წელს საქართველოში 243 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, 23 ათასამდე მევენახემ კი ყურძნის რეალიზაციით 270 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
კომპანიები, რომლებსაც წელსაც აქვთ განზრახული ყურძნის მიღება-გადამუშავება, ვალდებულნი არიან, რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრაცია გაიარონ.