ქობულეთის სოფელ ბობოყვათში მდებარე „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკიდან 50-მდე თანამშრომელი ინტოქსიკაციის ნიშნებით ორ კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარინა ზანაქიძის თქმით, სამი ადამიანი რეანიმაციაში იმყოფება.
„პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ძირითადად არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია. მხოლოდ სამი პაციენტია რეანიმაციაში, რომელთაც გაეწიათ პირველადი დახმარება. ამ ეტაპზე, ყველას მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ზანაქიძემ და აღნიშნა, რომ ინტოქსიკაციის მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.
პაციენტები ძირითადად საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას და გულისრევას უჩიოდნენ. როგორც ქობულეთის „ევექსის“ კლინიკის დირექტორმა, ირინა დოლიძემ თქვა, სამ პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო იყო – აღენიშნებოდათ კუნჩხვითი სინდრომი და სუნთქვის გაძნელება.
სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლების ინტოქსიკაციის მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა განიხილებოდა, თუმცა, ფაბრიკის წარმომადგენელმა, დავით ჯაიანმა ეს ვერსია გამორიცხა და განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში საწარმოს „გაზი ფაქტობრივად არ მიეწოდება“.
„გამოვიძახეთ „სოკარ გაზი“, რათა დასაქმებულები დარწმუნებულიყვნენ, რომ გაჟონვის ფაქტს ადგილი არ აქვს და რეალურად, გაზი არ მოგვეწოდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პანიკური შიშით იყო გამოწვეული. დასაქმებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ იმის გამო, რომ შეუძლოდ გახდნენ“, – განაცხადა დავით ჯაიანმა აჭარის ტელევიზიასთან.
შრომის ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.