ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ტვირთებისა და მგზავრების უკონტროლო შემოსვლა“ ხდება და „მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“, „მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაციაა“, რომლის მიზანი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“.
როგორც უწყება განმარტავს, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა და მსუბუქი ავტომობილების ნაკადი, რის გამოც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობის 24-საათიან, განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
„საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების/მსუბუქი ავტომობილების/მგზავრების საბაჟო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ქვეყნის ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
„დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში და მათი მონიტორინგი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ფორმალობების უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების მიზნით, გარკვეული დროით შესაძლებელია მოხდეს ტვირთნაკადების შეფერხებით გატარება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ – რუსეთის ფედერაციის მხარეს არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით და საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ კონტროლის პროცესების ნაწილობრივი შეფერხება აღინიშნება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უწყება მედიასაშუალებებს მოუწოდებს, „მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეპუტაციის საკითხებს“.
Good day! I just want to give you a big thumbs up for your excellent information you have here on this post. I am coming back to your web site for more soon.