შიდა ქართლის რეგიონში 11 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულ 60 წლამდე მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა. სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.