„ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით. გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ქართული პოლიცია დღეს აღარ არის პოლიტიზებული და თანაბრად იცავს თითოეულ მოქალაქეს.
„აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა განცხადება პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.