“საქართველოში განხორციელებული რეფორმები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, გვქონდეს პოზიტიური მოლოდინი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით. “ტრიოს ფორმატში საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები აქვს, შესაბამისად, კითხვარის თვალსაზრისით მაქსიმუმი გავაკეთეთ. საქართველომ დაასრულა ე.წ. საშინაო დავალება და ველოდებით, პირველ რიგში კომისიის ფორმატში დასკვნით ნაწილს. შემდეგ, საბჭოს ფორმატში გაიმართება დისკუსია, თუ როგორ გააგრძელებს საქართველო ევროინტეგრაციის გზას. საქართველოში განხორციელებული რეფორმები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და პოზიტიური მოლოდინი გვაქვს”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.