საქართველოს, როგორც ჰაბის განვითარება ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პოზიცია აძლევს შესაძლებლობას, იყოს ხიდი ევროპასა და აზიას შორის და თბილისი მზად არის იყოს დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ელექტროენერგიით მომარაგების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუქარესტში განაცხადა.
17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”, რაც შავი ზღვის გასწვრივ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
“საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიცია, ბუნებრივია, გვაიძულებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდს, ასევე კარიბჭეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახმელეთო ქვეყნებისკენ. (საქართველო-რედ.) არის ევროკავშირის ურთიერთობების გლობალურ რუკაზე ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი ევროპაში სატრანსპორტო მარშრუტებისა და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის კონტექსტში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის, როგორც ჰაბის განვითარება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და ქვეყანა ყველა ღონეს ხმარობს, რომ თავისი პოტენციალი განავითაროს.
“ჩვენ შევიმუშავეთ განსაკუთრებული ხედვა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად და აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ენერგეტიკის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოდერნიზაციაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ საქართველომ წამოიწყო შავი ზღვის გავლით ენერგეტიკული კაბელის გაყვანა.
“რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით, დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც გულისხმობს კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ კავშირს მაღალი ძაბვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით. დღეს, როდესაც ხელი მოვაწერეთ აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, ვადასტურებთ მზადყოფნას მჭიდრო თანამშრომლობისთვის მწვანე ენერგომატარებლების კონტექსტში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა ქვეყნის მაღალი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოებაში.
“წყალქვეშა ელექტრო კაბელი მნიშვნელოვან პერსპექტივას გვაძლევს. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო და სავაჭრო შესაძლებლობებს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეთანხმების ფარგლებში, ელექტრო კაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს. საკაბელო ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას ევროპაში.