აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და ევროპას შორის ელექტრო კაბელის გაყვანისთვის 2.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს.
ელექტრო კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც უზრუნველყოფს მწვანე ენერგიის ექსპორტს ევროპაში და გააძლიერებს ურთიერთთანამშრომლობას.
ვარჰეიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.
საქართველოს ხელისუფლება, აცნობიერებს ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, პრიორიტეტულია შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი ძაბვის კაბელის გაყვანის პროექტი, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებული მწვანე ენერგეტიკული დერეფანი გახდება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,000 მეგავატიანი 1,195 კმ კაბელი დააკავშირებს საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც საშუალებას მისცემს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და შემოიტანონ ელექტროენერგია საათობრივი ელექტროენერგიის ბაზრის ფასების გათვალისწინებით.