პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერები, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა მორგოშიამ განაცხადა, საქმე ეხება „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რაზეც გამოძიება დაიწყო.
„როგორც მითხრეს, „თბილისი პრაიდმა“ და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ შეიტანეს საჩივარი. წარმოდგენილია ჩვენი პარტიის ლიდერების პოსტები, განცხადებები, გადაცემებიდან ამონარიდები და სწორედ ამ განცხადებებთან და ამონარიდებთან დაკავშირებით იყო კონკრეტული კითხვები, რაზეც ჩემი მხრიდან მიიღეს ამომწურავი პასუხი. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა მორგოშიამ.
მისივე თქმით, აპირებენ, „პრადის“ წინ აღუდგნენ და ერთ-ერთი პოსტის შინაარსი სწორედ ეს იყო.
„კანონი გვაინტერესებს, მაგრამ ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი“, – განაცხადა მორგოშიამ მედიასთან.
ზურაბ მახარაძის თქმით, პოლიციისთვის „თვისობრივად ახალი ინფორმაცია“ არ მიუწოდებია.
„რასაც საჯაროდ ვაბობთ, იგივე ვუთხაარი, რომ ვაპირებთ ხალხის შეკრებას და ჩვენი პროტესტის გამოხატვას. ჩვენ ვეცდებით, რომ ექსცესებში არ გადაიზარდოს, მაგრამ 100%-იანი გარანტია არაფრის არ არსებობს, სამწუხაროდ“, – განაცხადა მახარაძემ.
მოძრაობა „თბილისი პრაიდმა“ წელს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე უარი თქვა და 2 ივლისს, პრად-ფესტივალის გამართვას კერძო სივრცეში აპირებს. ამის მიუხედავად, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერები და მხარდამჭერები, იმავე დღეს, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ „თბილისი პრაიდის“ მიმართ ნდობა არ აქვთ.
„თუ არ ჩატარდება მარში, არც არანაირი პრობლემა არ იქნება. ვაპირებთ ხალხის მობილიზებას და შევიკრიბებით ძალიან ბევრი“, – თქვა დღეს მორგოშიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით ყველა ზომას მიიღებენ. შსს პრაიდ-კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.
„თბილისი პრაიდს“ 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, დახურულ სივრცეში სამი ღონისძიება აქვს დაგეგმილი: ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და პრაიდ ფესტივალი.