დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, მაცაცო ნარიმანიძის ინფორმაციით, სტიქიის გამო, ბარისახოსა და შატილში ჩარჩენილი 200-ზე მეტი ტურისტი რაიონულ ცენტრამდე ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
გუშინ, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ხევსურეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა რამდენიმე ადგილზე წყალმა წაიღო, ზოგ ადგილზე კი მეწყერი და ღვარცოფი ჩამოვიდა.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ნაპოვნია სავარაუდოდ იმ ტურისტის ცხედარი, რომელიც ფშავში, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის გზაზე მოტოციკლით მიმავალი ღვარცოფში მოჰყვა. ცხედარი არაგვის გაღმა რამდენიმე საათის წინ ნახეს.
„ერთი ტურისტი იყო დაკარგული და ფატალურად დასრულდა ეს შემთხვევა. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ნარიმანიძემ.
მაცაცო ნარიმანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა მხოლოდ ბარისახომდე მიდის. 45-50 კილომეტრზე გზა დაზიანებულია და გადაადგილება შეუძლებელია/