საქართველოში გაიხსნება ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენ აპარატებს გამოუშვებს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, ერთობლივი საწარმო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება და ქართული წარმოების პირველ უპილოტო საფრენ აპარატებს წლის ბოლომდე გამოუშვებს.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის თქმით, „თბილავიამშენის“ ბაზაზე აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.
„გაიმართა ექვსი ერთეული „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე ოთხი ერთეული „მი-24“, სამი ერთეული „იროკეზი“ UH-1H და „ან-2“ ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, უპილოტო საფრენი აპარატები.