მექსიკის საზღვარზე საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა მექსიკაში მყოფმა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.
30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია მასმედიაში გუშინ, 16 მარტს გავრცელდა. მედიის ცნობით, ქართველები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ, ამერიკა-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიყვანა ტყვედ. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უწყება გატაცებული თანამემამულეების ადგილსამყოფელს არკვევს.
„ყველაფერი, რაც ტელევიზიებში გავრცელდა სიცრუეა. ჩვენ კარგად ვართ. არ გვინდა უკან დაბრუნება. გვინდა გზის გაგრძელება წინ. არ გვაქვს არანაირი პრობლემა და არანაირად არ ვართ საფრთხეში“, – განაცხადა რესპონდენტმა.
საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია უარყო მექსიკაში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდის დედამაც.
„ზუსტ ინფორმაციას გაწვდით, რომ იქ გატაცებული არავინ არ არის. იქ არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ჩემი ოჯახის ორი წევრი. ისინი გადადიოდნენ მექსიკის გზით და რაღაც მონაკვეთში უბრალოდ შეჩერდნენ, გზა აღარ გააგრძელეს. ახლაც გვაქვს ჩვენ სატელეფონო კავშირი ჩვეულებრივ და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან”, – განაცხადა ქალმა.
მარშრუტი მექსიკის გავლით არის აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი გზა, რომლითაც სარგებლობენ უცხოელები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.