ევროპელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება შეცდომა იყო, და ამის სასწრაფოდ გამოსწორება უნდათ, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში.
ქართული დელეგაცია სტრასბურგში ჩავიდა და ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. მთავარი თემაა 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა და ორგანიზაციის შემდგომი გაფართოება. განიხილავენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში საქართველოს ჰქონდეს მტკიცე მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ისინი თვლიან, რომ იყო შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და თვლიან, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება დეკემბერში საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ საქართველოს პოზიცია და სტატუსის მონიჭება ვიწროპარტიულ ინტერესებში არ იყოს გამოყენებული.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების” მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
როგორც კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველოს 2022 წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ არ მიანიჭეს, ამაში დამნაშავე „გლობალური ომის პარტიაა”.
„ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, საზღვარგარეთ წონიანი პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველო ომში ჩაითრიონ, გახსნან „მეორე ფრონტი” რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მის მომხრეებს მმართველ პარტიაში „ომის ლოკალურ პარტიას”, ასევე „რადიკალურ ოპოზიციას” უწოდებენ.