საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრ დომინიკ ჰასლერთან ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ჰასლერი თბილისში 11 ივნისს ჩამოვიდა. ეს ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, ის უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომლებთანაც ასევე განიხილა საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები.
შეხვედრაზე ღარიბაშვილმა და ჰასლერმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზად არის განავითაროს ძირითადი რეგიონალური სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
აღინიშნა, რომ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ახალ ბიძგს მისცემს.
პრემიერ-მინისტრმა ჰასლერს მადლობა გადაუხადა ლიხტენშტაინს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ჰასლერის თქმით, საქართველო და ლიხტენშტაინი იზიარებენ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატიის პატივისცემა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის პრინციპები.
ისტორიული მოვლენა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ისტორიული მოვლენა უწოდა.
„ვიზიტს განვიხილავთ როგორც მხარდაჭერის გამოხატულებას ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე, როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა ჰასლერთან ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ.
დარჩიაშვილის თქმით, მასსა და ჰასლერს გასული წლის სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰქონდათ კომუნიკაცია ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
„ქალბატონი მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ დავიწყეთ ნიუ იორკში. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ორივე ქვეყანას გააჩნია პოტენციალი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის.
„ამისთვის მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. მისასალმებელია, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია საქართველოს ეკონომიკური პროფილი, საქართველოს რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია და საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი.
„მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
2015 წელს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერი, 2016 წელს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიხტენშტაინს ეწვია.
საქართველოსა და ლიხტენშტაინის მთავრობებს შორის მოქმედებს კონვენცია „შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA – ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) და საქართველოს შორის, ლიხტენშტაინის მიმართ 2018 წლის 1 მაისს ამოქმედდა.