საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი გრძელდება და გვირაბების ნაწილი უკვე გაიხსნა მატარებლების მოძრაობისთვის, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.
თბილისი-მახინჯაურის ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2024 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს 38 კილომეტრიანი ახალი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ექვსი გვირაბის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელის – 8,3 ათასი მეტრი სიგრძის. ამასთან, სამი გვირაბი უკვე ფუნქციონირებს, სამში კი სამუშაოების ჩაბარებისთვის მზადება სრულდება.
გარდა ამისა, დღეისათვის უკვე დასრულებულია სამუშაოები ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთზე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძირულასა და ქვეშეთის სადგურებზე, უახლოეს დროს დაიწყება ახალი მოლითის სადგურის მშენებლობა და მოლითისა და ზესტაფონის ქვესადგურების რეკონსტრუქცია.
პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც უკვე 239 მილიონი აითვისეს.
საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს, ხოლო კონტროლს სამშენებლო სამუშაოებზე – საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული კომპანია ILF and DB International Consortium.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.