ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ აცხადებენ, რომ გარდაცვალება სავარაუდოდ დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია.
„დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი, ოფლიანობა, ხანდახან თითქოს გონებას კარგავდა, გაუგებრად იყო ხოლმე. ტყეში ვიმუშავეთ და გვეგონა, რომ იქ გაცივდა. მერე, ნათესავმა დაგვირეკა, შეუმოწმეთ, შეიძლება ტკიპა ჰყავდესო. გაიხადა თუ არა ტანსაცმელი, მაშინვე ვნახეთ და პირდაპირ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, რის შემდეგაც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში წაიყვანა“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
ინფიცირებული რეანიმაციაში დაიღუპა.
„წინსვლა რომ არ იყო, ოთხ რაღაცაზე მიიტანეს ეჭვი. ბოლოს ყირიმ-კონგო დადგინდა. უკვე დაგვიანებულიც იყო. ექიმმა მითხრა, რომც დაუდასტურდეს, აზრი აღარაა, მხოლოდ დიაგნოზს დავსვამთო“, – აღნიშნა გარდაცვლილი მამაკაცის შევილმა.
„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ყირიმ-კონგოზე მკურნალობს გარდაცვლილი მეზობელი შუა ხნის მამაკაციც, რომელსაც სიმპტომები ტკიპის კბენიდან მეორე დღეს დაეწყო. ის ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს 13 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, 2 საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს. ვირუსი დადასტურებულია შიდა ქართლშიც.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანი ძირითადად ტრანსმისიულად (ტკიპების კბენით, ტკიპის გასრესვით), ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით ინფიცირდება. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში 1-3 დღეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყირიმ-კონგო იწყება შემცივნებით, მაღალი ცხელებით, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით, რასაც მოსდევს ვირუსემია და ინტოქსიკაცია. ავადმყოფს აწუხებს პირის სიმშრალე, თავბრუ, ღებინება. სახე, კისერი, ლორწოვანი გარსები შეწითლებული აქვს, ზოგჯერ გამოხატულია სიყვითლე. კანზე ჩნდება პეტექიური გამონაყარი (წითელი ლაქები). დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მეორე კვირას. ლეტალობის მაჩვენებელი 5-50%-ია.