თავდაცვითი ოპერაცია გელათი 2022-ის სწავლებაზე, სამცხე-ჯავახეთში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
წვრთნები გენერალური შტაბისა და საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის ორგანიზებით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მხარდაჭერით ხორციელდება.
წვრთნების მიზანია თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმვის, მართვისა და შესრულების გაუმჯობესება.
ჩართულია ავიაცია და საჰაერო თავდაცვა, სპეციალური ოპერაციების და სამხედრო პოლიციის ბატალიონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრისა და სანაპირო დაცვის ობიექტების დაცვისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტები. წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების კუთვნილი Mi-24 და Iroquois (UH1) ვერტმფრენები.
“მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წარმატებით ჩაატარა თავდაცვითი ოპერაცია. დანაყოფს მხარს უჭერდნენ საზენიტო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო შენაერთები”,-ნათქვამია პრესრელიზში.