აჭარის მაღალმთიან რაიონებში დიდთოვლობაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს.
ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო მაღალმთიან აჭარაში გადაადგილება რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. გზების გასაწმენდად ხულოში, შუახევსა და ქედაში, ასევე ხელვაჩაურსა და ქობულეთში 80 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, უამინდობა საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება. 18 თებერვლამდე მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ყინვა, ზღვაზე კი – 4-5-ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შესაძლოა -5 გრადუსამდეც დაეცეს. 18 თებერვლიდან ტემპერატურა თანდათან დაიწყებს მატებას და ნალექი მოიკლებს.