მიმდინარე წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 808,3 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველოში პენსიონერთა საერთო რაოდენობის 28,7% მამაკაცია.
ამასთან, პენსიონერების თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს, მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, სადაც პენსიონერების 16% ცხოვრობს, მესამე ადგილზე კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია (10,6%).
პენსიონერების ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს გურიის (3,3%), მცხეთა-მთიანეთისა (2,5%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის (1,2%) რეგიონებში.
პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. 2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 365 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 355 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 440 ლარს.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.