პარლამენტის კომიტეტები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვას, რომელიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.
შესწორებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ასეთივე ჯარიმა დაწესდება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის დაზიანებისა ან განადგურების შემთხვევაში.
იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
კანონპროექტის ავტორი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მსგავსი ზომების მიღების მიზეზად კანონის სრულყოფას ასახელებს.
„გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“, – აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
დღესდღეობით სისხლის სამართლის სამართალდარღვევად მიიჩნევა 150 ლარზე ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.