სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება და სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში, თურქეთის მოვლენების შემდეგ, მიწისძვრა მოხდება.
საქართველოში კვირას სამი მიწისძვრა მოხდა: დილით ორი ბიძგი გურიის კურორტ ბახმაროში დაფიქსირდა (პირველი იყო 4,4 მაგნიტუდის), დღის მეორე ნახევარში მესამე ბიძგი იყო სამცხე-ჯავახეთში. კიდევ ერთი, 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა შაბათს, კვლავ ბახმაროში. მიწისძვრის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში თურქეთსა და სირიაში ტრაგიკული მოვლენების შემდეგ.
„მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშენებლობაა“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ქართველმა სეისმოლოგებმა მაგალითად მოიყვანეს აშშ, კანადა და იაპონია და აღნიშნეს, რომ სეისმურად მდგრად სახლებში მიწისძვრა საშიში არაა.
„სამწუხაროდ, ჩვენ მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში რეგიონის რთული გეოლოგიური პირობების გამო ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს (1999 წლის იზმირის მიწისძვრა, 2011 წლის ვანის მიწისძვრა, 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრა და სხვ.)“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კავკასია ასევე წარმოადგენს აქტიური ტექტონიკური კომპლექსის ნაწილს და, შესაბამისად, საქართველოში ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები. როგორც ქართველი სეისმოლოგები აღნიშნავენ, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას არ შეუძლია მიწისქვეშა ბიძგების გამოწვევა საქართველოში.
„საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენთან ყოველდღიურად ათეულობით მიწისძვრა ხდება. ამიტომ კიდევ ერთხელ განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. გთხოვთ არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
მიწისძვრის კერა პირველ შემთხვევაში საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 616 კილომეტრში, ხოლო მეორე შემთხვევაში – 528 კილომეტრში მდებარეობდა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში კატასტროფის შედეგად 29.605 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 80 ათასზე მეტი. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 2022 წლის თებერვალში მოხდა.