ისრაელის კომპანია ქალაქ ქუთაისში (იმერეთის რეგიონი) პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ახალი it ჰაბის შექმნით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შენობა, სადაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იყო, პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს. საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.
“ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იქ IT მიმართულების განვითარებას. ჩვენ ვმუშაობთ ისრაელის ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, არამედ ახალი IT ჰაბი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი IT ჰაბი მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებსა და სტუდენტებს და დაეხმარება მათ განვითარებაში. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
“რა თქმა უნდა, ასევე მინდა აღვნიშნო ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში”, – დასძინა პრემიერმა.
პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც იმ დროისთვის მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით დაინერგა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების საკითხი.
2017 წლის ბოლოს საქართველომ კონსტიტუციაში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არსებობს ჩანაწერი, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იჯდეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში შეიძლება განთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ან გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი “112”.