მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის გახდეს სამშვიდობო დიალოგის ცენტრი.
თბილისი, 17 ნოემბერი – MONAKHAZI. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ისინი ქართულ-სომხური უწყებათშორისი კომისიის სხდომის 2023 წლის დასაწყისში გამართვაზე შეთანხმდნენ.
„ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში“, – ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
„აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მონაწილეობას გულისხმობს. მისი თქმით, საქართველო მზად არის მშვიდობიანი დიალოგის ცენტრად იქცეს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ ცვლის და არ ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.