2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხვები რვაჯერ გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 16 ნოემბერი — MONAKHAZI. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 73,4%-ით გაიზარდა და 3.316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით ისევ რუსეთი ლიდერობს, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.434,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2%-ია.
მხოლოდ ოქტომბერში გადმორიცხვები რუსეთიდან რვაჯერ გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. საქართველოში რუსეთიდან ოქტომბერში გადმოირიცხა 299,3 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 59,6%. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 725,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 142,9%-ით გაიზარდა და 520 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,7%-ით მეტია.
2022 წლის 10 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 276,2 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10,5%-ით მეტია.