ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. დააკავეს. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასევე დაკავებულია მოქალაქე ბ.გ., რომელსაც ბრალი ქრთამის აღებაში დახმარებაში ედება.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1500 ლარი“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, მერიის ყოფილი თანამშრომელი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.