შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 31 წლის მამაკაცი, რომელიც 27 ივნისს, სოფელ საკობიანოში თანასოფლელს ავტომობილით დაეჯახა და მიიმალა. მსხვერპლი – 47 წლის მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებული სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებოდნენ, რომ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, ქვეითს „პიკაპის“ ტიპის მანქანამ გადაუარა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.