ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულია გემი, რომელსაც სანქცირებული რუსული კომპანიის ნავთობპროდუქტი გადააქვს. ტელეკომპანია „მთავარმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „ესენკა“ კომპანია „როსნეფტის“ 30 000 ტონამდე ვაკუუმ-გაზოილით არის დატვირთული.
როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, საბაჟოს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია და სანქციებისთვის გვერდის ავლას ადგილი არ ექნება.
„ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია. სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება, ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია.
ჩვენ უკვე დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ.
საქართველოში, არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის, არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.
ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის, მათი მოტივაცია შეგიძლიათ თავად გაარკვიოთ, ჰკითხოთ ტვირთმფლობელს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ.
დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟოს თანხმობის გარეშე, პორტს, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს – იცით, რომ პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიადვიც და ტვირთმფლობელიც კერძო სუბიექტები არიან – ამიტომ, კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, საბაჟოს თანხმობის გარეშე ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
„როსნეფტი“ ნავთობისა და გაზის ყველაზე მსხვილი რუსული კომპანიაა, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს. ტელეკომპანია „მთავარი“ გუშინ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქართული მხარე ტვირთს წარმომავლობის შეცვლას და ევროპაში ასე გაგზავნას ცდილობდა.