პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, NATO-ს სამიტზე, რომელიც ხვალ იწყება, სამთავრობო დელეგაციას უხელმძღვანელებს და ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
„პირადად გენმდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველომ NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა.
„ჩვენ გავხსენით NATO-სთან ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვდობოზე, როგორც იტყვიან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
NATO-ს სამიტი 28-30 ივნისს, მადრიდში გაიმართება. მასში მონაწილეობას ალიანსის წევრი და მთავარი პარტნიორი ქვეყნების მეთაურები მიიღებენ.