პოლიციამ რუსთავში სამი პირის დაჭრის ფაქტზე 18 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაპირისპირება, რომლის შედეგადაც სამი ახალგაზრდაა დაჭრილი, მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გვიან ღამით მოხდა. მედიისთვის ჯერ -ჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ცნობით, ადგილობრივებს ჩხუბის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ესმოდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 18 წლის მამაკაცმა რუსთავში ურთიერთშელაპარაკებისას სამი პირი – 30 წლის გ.ა., 34 წლის ლ.შ. და 28 წლის ლ.ხ. დანით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.