პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი“ იქნება, ყველაფერს „ფარდას ახდის“.
ღარიბაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 308 წევრის მხარდაჭერით 9 ივნისს მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელია და პოლიტიკურად მიკერძოებული დოკუმენტია.
„ჩემთვის მთავარი იცით რა არის? აი, ის დამოკიდებულება, რომელიც, სამწუხაროდ, 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა – უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% არის მომხრე ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების. ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. სტატუსი კი არ არის… სტატუსი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის არის მნიშვნელოვანია, ის დამოკიდებულება გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვთ რეალურად ჩვენს ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.
ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ
ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებელს. როდესაც საუბარია merit based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ! მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.
17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და მთავარი, 23-24 ივნისს დაველოდები. მანამდე, მე უბრალოდ შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი. მე შეთქმულების თეორიებზე არ ვლაპარაკობ. ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეკითხვაზე, რას ახდის ფარდას, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ ეტაპზე პოლიტკორექტულობას ინარჩუნებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია, უფრო მეტი ისაუბროს, მაგრამ „თუ ამის საჭიროება დადგება“, ვალდებული იქნება „ხალხს ანგარიში ჩააბაროს“.
9 ივნისს მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს. ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ასრულებას იმსახურებს.
ამ თემაზე:
EU-ის პარლამენტი პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილის სანქცირება განიხილონ