საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 20 ივნისს აქციის გამართვას ის ძალა აპირებს, რომელიც „ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას“. ღარიბაშვილის თქმით, აქცია მას შემდეგ ტარდება, რაც „დესტრუქციულმა ძალებმა“ ქვეყნის „ომში ჩაბმა“ ვერ შეძლეს.
„ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს, შემთხვევით ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას და ომის შემდეგ, რომელმაც ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს, ცალმხრივად გაუქმდა შემდეგ უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს.
აი, ეს ძალა ითხოვს თურმე ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია საერთოდ, არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით.
მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ასე რომ,
მინდა, ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას. ჩვენ არც ერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ.
ჩვენ, მთავრობა კანონით მონიჭებული უფლებითა და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქცია მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააანონსა. აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ!“ 20:00 საათზე გაიმართება და ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
„აქციაზე სიტყვით არ გამოვლენ ოპოზიციის წარმომადგენლები და არ დადგება მწვანე პოლიტიკური მოთხოვნები, თუმცა ჩვენი გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს ხელისუფლებას, ასოცირების შეთანხმებით თუ შარლ მიშელის დოკუმენტით, ეს პასუხისმგებლობები უნდა შესრულდეს, რათა ჩვენი ევროინტეგრაციის გზა იყოს წარმატებული“, – განაცხადა „სირცხვილიას“ დირექტორმა, გიორგი მჟავანაძემ.
21:00 საათზე აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.