საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც მარტოხელა მშობლის ცნების გაფართოებას გულისხმობს.
კანონმდებლობის ამჟამად მოქმედი ვერსიით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ცნება 2022 წლის 1 ივლისიდან ძალას კარგავს. იმავე დღეს ძალაში შედის ახალი ცვლილებები.
ახალი ფორმულირებით, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.
ასეთივე სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს,
რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ფაქტობრივი მარტოხელა მშობელი, რომელიც მარტო ზრდის შვილს, მოკლებულია სახელმწიფოს იმ შეღავათებით, რომლითაც სარგებლობენ მსგავსი სტატუსის მქონე პირები, რაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ყველა მოქალაქის თანაბარ უფლებებს ითვალისწინებს.
კერძოდ, სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას, ხოლო ფაქტობრივი მარტოხელა მშობლები ვერ იღებენ მას.