სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით კახეთში 51 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დედას თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და მოკვლით ემუქრებოდა.
პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი „ცხელ კვალზე” დააკავა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე სსკ-ის181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.