საქართველოში 2022 წელს 54,4 ათასი დანაშაული დაფიქსირდა.
საქართველოში დანაშაულის დონე ბოლო წლებში შემცირდა, ხოლო დანაშაულის გახსნამ 2022 წელს უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში დანაშაულის დონე გაიზარდა და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამავე დროს, შსს–ს მონაცემებით, დანაშაულის რაოდენობის შემცირება 2020 წელს 2019 წლის პიკის შემდეგ დაიწყო, როდესაც დანაშაულთა რაოდენობა 65 ათასს მიუახლოვდა. 2022 წელს ქვეყანაში 54,4 ათასი დანაშაული დაფიქსირდა.
„ოპოზიციის მხრიდან ძალიან ხშირად არის განცხადებები, თითქოს გაიზარდა დანაშაული. თუმცა პირიქით, კლებაა. მით უმეტეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გახსნის მაჩვენებელი – 62% იყო შარშან. ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა, არასოდეს ყოფილა ასეთი“, – განაცხადა გომელაურმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
შსს–ს მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, აღიძრა 13,2 ათასი სისხლის სამართლის საქმე, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 234–ით ნაკლებია. დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია 60,2%. ყველაზე კარგად იხსნება ნარკოტიკებთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული და ასევე სამხედრო დანაშაულები.
გომელაურის თქმით, შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ქურდობა. უწყება ასევე მუშაობს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასთან და ტარებასთან დაკავშირებული დანაშაულის შემცირებაზე.
„უკვე უკანონობაა, როდესაცგაუფორმებელ იარაღს ინახავ სახლში ან ატარებ თან. ესმნიშვნელოვანი პრევენციაა. ამანაც გამოიწვია იმ მძიმე დანაშაულების კლება, როგორიცაა მკვლელობა“, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრი ასევე შეეხო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხს. გომელაურის ინფორმაციით, გაიზარდა ნარკომოვაჭრეების დაკავებების რაოდენობა.
„სამწუხაროდ, ესეც ისახება, როგორც დანაშაულის მატება სტატისტიკაში, თუმცა, ამმხრივ, პირიქით, რაც მეტს დავაკავებთ ნარკორეალიზატორებსდა უკანონო იარაღის შემნახველებსა და გადამზიდველებს, ეს პირიქით, პრევენციაა ჩვენთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
კანონის ყველაზე გავრცელებულ დარღვევებს შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული მეორე ადგილზეა. 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში ასეთი 1,3 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 852 დაკავშირებულია ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვასა და მიმოქცევასთან. ამასთან, სამ თვესი, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის 111 ფაქტი გამოვლინდა.
კიდევ სისხლის სამართლის 397 საქმე უკავშირდება მარიხუანას, რომლის შენახვა და შეძენა არა პირადი მიზნებისთვის საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება.
საქართველოში კანონის ყველაზე გავრცელებულ დარღვევებს შორის ათეულშია სატრანსპორტო დანაშაულები, მუქარა, ძალადობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანების მიყენება, თაღლითობა და იარაღის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულები.