საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ორივე ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
საქართველო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის – ეს მთელი რეგიონის ინტერესებში შედის, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის ბოლოს „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
„საქართველომ ნამდვილად განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, პირველი წარმატებული მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს… მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მჯერა, ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე მთლიანი რეგიონის ინტერესებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ორივე ქვეყანასთან ძალიან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
„საქართველომ ითამაშა და თამაშობს ძალიან მიუკერძოებელ, ნეიტრალურ პოზიციასა და როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველო არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, შეასრულოს შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.