სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილი და მისი მისაბმელი დაათვალიერეს, რა დროსაც მალულად განთავსებული, არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კონტრაბანდული ძვირფასი ლითონის წონამ 21,635 კგ შეადგინა, ხოლო ვერცხლის ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ – 41.540,67 ლარი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.