საქართველოს ევროპასთან და ევროპელ ხალხთან ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა აკავშირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.
„ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით”, – განაცხადა პრემიერმა.
დღეს, 6 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ესპანური დღე იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ორბელიანის მოედანზე სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდებათ.
მოეწყობა ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. ესპანურ დღეზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ ესპანური სამზარეულო. ესპანურ დღეებს ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის თეატრალური წარმოდგენა – „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ დაასრულებს.
ევროპული დღეების ფარგლებში, 7 მაისს შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გგაუმასპინძლდება.
შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს.
ევროპის დღეები – ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება. ევროპის დღეების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიებათა მიზანია – საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა.