თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 4 მაისს, საღამოს თბილისში, რესტორან „ლა ვერასთან” მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს თავდაპირველად განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავებოდა. თუმცა, მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა და მას პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.