24 მაისს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაცია იწყება, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დილის 9 საათზე დაიწყება.
რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გაივლის, რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში კი 16-დან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხაა:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში ის ბავშვები ჩაირიცხებიან, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ.
ბმული