ევროკავშირის მაღალჩინოსანი კანონმდებლები მოწოდებით გამოვიდნენ, რომ მიიღონ გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონები, რომლებიც შეერთებული შტატების კონგრესის მიერ გამოყენებულ კანონმდებლობას ეფუძნება, რათა მონიტორინგი გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენებსა და საქმიანობას.
13 თებერვალს ევროპის პარლამენტში გამართული დებატებისას „ევროპის სახალხო პარტიის“ (European People’s Party (EPP) წევრმა მონიკა ჰოლმაიერმა, რომელიც საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს თავმჯდომარეობს, დეპუტატებს მოუწოდა, რომ კონტროლისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად შეერთებულ შტატებში მოქმედი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (Foreign Agents Registration Act (FARA) მსგავსი კანონპროექტი შეიმუშაონ.
შეერთებულ შტატებში მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე ქვეყნების პოლიტიკოსებსა და მათ ლობისტებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ვებგვერდზე დაწვრილებით წარმოადგინონ ამერიკელ კანონმდებლებთან მათი თანამშრომლობის დეტალები, მათ შორის ნებისმიერი ტიპის ოფიციალური კონტრაქტები და გადასახადები.
EPP მოწოდებით გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სანამ ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდებიან, წინასწარ სრული ფინანსური შემოწმება გაიარონ, ასევე გამოაქვეყნონ ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო შეთანხმებები.
მსგავსი კანონის მიღება ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს ევროკომისიის მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას საჭიროებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, წარდგენილი რეფორმის პაკეტი ამჟამად „ევროკავშირის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (EU FARA) არ მოიცავს.
„ზოგიერთი არამზადა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილსინდისიერ საქმიანობას ჩრდილს აყენებს. არ დავუშვებთ, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა და კრიმინალებმა არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის, ქრთამის მიცემისა და ევროკავშირის სახსრებზე წვდომის მისაღებად გამოიყენონ“, – განაცხადა მონიკა ჰოლმაიერმა.
ამ ინიციატივას ევროპარლამენტში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ.
„არა მგონია, რომ სამოქალაქო საზოგადების წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობა“ უნდა გავაჩაღოთ“, – განაცხადა გერმანელმა სოციალისტმა დეპუტატმა, უდო ბულმანმა, და იქვე დასძინა, რომ თანხებს ბოროტად მხოლოდ არსამთავრობო ორგანიზაციები არ იყენებენ.
„ყველა, ვინც ფული მიიღო, მზად უნდა იყოს გამოძიებისა და ანგარიშვალდებულებისთვის“.
„მწვანეთა პარტიის“ (Alliance 90/The Greens) წევრის, ჰანა ნიუმენის, თქმით, „ეს კორუფციული სკანდალია და არა არასამთავრობოების სკანდალი“. „ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების“ (GUE-NGL) ლიდერი მენონ ობრი კი მიიჩნევს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხს „ყურადღების გადასატანად“ იყენებს.