პოლიტიკოსმა facebook-ის საკუთარ პოსტში მხარი დაუჭირა უკრაინელ ხალხს:
“ზუსტად ერთი წლის წინ, დიდი ტრაგედია დატრიალდა უკრაინაში, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა! ომის შედეგად ათიათასობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულად, 450-ზე მეტი ბავშვი. 16 მილიონი უკრაინელი გახდა ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი. ომმა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ვუსურვებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! დიდება უკრაინას!”.
უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც
“საქართველო ომის პირველივე დღიდან უპირობოდ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარეს დგას. ქართველი ხალხი და მათი ხელისუფლება, უსაფრთხოების რისკის მიუხედავად, ნატოსა და ევროკავშირისგან სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე, უკომპრომისოდ უჭერს მხარს უკრაინას. ქართველი ხალხის სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს კიევში, ბუჩასა და ირპენში ვიზიტის დროს, საქართველოს პარლამენტში ომით დაზარალებული ოჯახების ბავშვთა რამდენიმე ჯგუფი მიიღეს. ომისა და ნგრევისგან გაქცეული ბევრი უკრაინელისთვის საქართველო უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე მეორე სამშობლო გახდა. ეს მხარდაჭერა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება.
გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ჩვენ მოვითხოვთ ამ ტრიბუნიდან, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს მის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვუსურვებ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს გამარჯვებას თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში. დიდება უკრაინას”, – განაცხადა პაპუაშვილმა უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.