ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, პოლიტიკურად მოტივირებულია და არის პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ რეაგირებაზე. სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის, ნათქვამია დოკუმენტში.
„ეს რეზოლუცია არ ასახავს რეალობას. იგი აბსოლუტურად დამახინჯებულია და თუ რამ პოლიტიკურად მოტივირებულია, სწორედ ეს რეზოლუციაა. საქართველოს ეუბნებიან, გადადეთ კონსტიტუცია, თქვენი კანონები და იხელმძღვანელეთ კუბილიუსის წესებით (ევროპარლამენტის დეპუტატი)“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გამოდის, რომ საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ადამიანი, რომელიც გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის, მათ შორის, გამოტანილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ეს არის პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მესამე კრიტიკული რეზოლუციაა. პირველი მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, ხოლო მეორე 14 დეკემბერს. ყველა დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, არის რეკომენდაცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
ბოლო რეზოლუცია ევროპარლამენტის ოთხმა ჯგუფმა შეიმუშავა – „ევროპის სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „ევროპის განახლებამ“ და „მწვანეთა ალიანსმა“.
ამასთან, სამივე რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ეხება. მათი ინიციატორია ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია „ევროპის სახალხო პარტია”, რომელშიც შედის სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.